Thursday, December 16, 2010

მე შენთან მეგობრობა მინდა.


და აგერ უკვე მრავალგზის აღვნიშნეთ მე და მეგობრებმა, ბოლო ხანებში,  სულიერების ამაღლება საეჭვოდ განვიზრახეთ და ამის შედეგად მრავალ ღონისძიებას დავესწარით. კულტურული საღამოებიდან დაწყებული მწერალ-პოეტებთან შეხვედრებით დამთავრებული :))) ალბათ რაიმე ზეგავლენა უნდა მოეხდინა ამ ყოველივეს ჩემზე, ყოველ შემთხვევაში ვიმედოვნებ. გუშინ მეგობარი გერმანიაში გავაცილე(თ). გამცილებლები აშკარად ორად გავიყავით, რა ბედნიერი ხააარ...როდისღა გნახაააავ. მე თითქოს ნეიტრალური, მაგრამ ქვეცნობიერად მეორე ბანაკში აღმოვჩნდი ((( თვალცრემლიანი აუყვა თვითმოძრავ კიბეს, მალავდა და ხელებს იფარებდა, მაგრამ თვალებიდან გადმოღვრილმა წვეთებმა გაყიდეს და გასცეს. კიდევ ერთმა თანამემამულემ დაგვტოვა და გაგვეცალა. უცნაური შეგრძნებით წამოვდექი ლოგინიდან, უცნაური შეგრძნებითვე ჩავიცვი და ვისაუზმე. გავედი ქალაქში, ერთით ნაკლებ ქალაქში, გვიხაროდეს მეტი ჟანგბადი, თავისუფალი ადგილი მეტროში და მეტი პერსპექტივა დაგვიტოვა. მე ცარიელი კუთხე-კუნჭული სულის ღრმა სივრცეში ((

Wednesday, December 8, 2010

უბრალოდ ქინქლებზე ვწერდი


ცხელოდა ირგვლივ, ჰაერი სავსე იყო ქინქლებით. საღამო იყო, ფანჯრიდან მოჩანდა მაღალი კოშკი. ფარდა უფრო გადავწიე და მთვარეც დავინახე. გავყურებდი პანორამას, მანქანების საყვირების ხმა მესმოდა, მერე სადღაც შორს მატარებელმა ჩაირიხინა. ოთახში ორპირი ქარი ქროდა, ფარდა ფრიალებდა, საღამოს ნიავი სასიამოვნოდ მელამუნებოდა სახეზე, ჟრუანტელი მივლიდა მთელ სხეულში. თან მციოდა, თან შინაგანად ვგიზგიზებდი. სული აფორიაქებული მქონდა. ღამის ხმაურობა ოთახში სასიამოვნოდ იჭრებოდა და სულში მეღვრებოდა. აქამდე ქარი მძულდა, მაგრამ ამ საღამოს უსაზღვროდ შემიყვარდა. ელავს, მაგრამ გრუხუნი არ ისმის. შორს ცა ნათდება და ისევ ქრება. აღარ მეძინება, არადა ისე მომერია ძილი, თითქოს სამუდამოდ დავიძინებდი. ფანჯრიდან გადაშლილმა სანახაობამ მიხსნა და გამიტაცა. ბოლოს მინდა მოგახსენოთ თუ რა ექსტრემელურად, პირველი გამოცდის წინა საღამოს შემომეწერა ჩემდაუნებურად...